აბსურდული სიკვდილი

5/1/2015

მარიამ ჭ. საძინებელში საკუთარ არაცნობიერს ეცნობა. აშკარაა სიზმრის აპოკალიფსური თემატიკა, რადგან მისი გარეგნული ქმედებები ფხიზელ მდგომარეობაში მხოლოდ კატატონიის მქონე ადამიანს თუ შეენიშნება. მის ოდისეას reminder–ის ცივი ხმა ასრულებს. მარიამ ჭ. უემოციოდ თიშავს რეალობაში დამბრუნებელ ხმას და ერთ თვალს მობილურის ეკრანს ავლებს. ის კი აუწყებს, რომ დღეს ფინალური გამოცდა აქვს საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურაში. ნათელია, მისი ჩანიშნული არაა. ეტყობა, რომელიმე მეგობარმა იპირისწყლა. მარიამ ჭ. ეტაპობრივად იაზრებს მოვლენებს. ბოლოს ხვდება, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დიდი ხანია არ ყოფილა. ჯობს, ადგეს და გაიგოს რა ხდება საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

უხასიათოდ გამოდის სააბაზანოდან. თავს ბედნიერად მხოლოდ წყალთან ურთიერთობისას გრძნობს და ახლა, როცა სასურველზე ადრე მოუწია გამოსვლა, განიცდის. შარვლითა და ზედატანით დაფარულ სხეულს ბალახისფერი პალტოთი იფარავს და ყინვიან თოვლში ელოდება ტრანსპორტს.

საათის მეორედში უკვე უნივერსიტეტის შესასვლელთანაა, რომელიც სტანდარტულად მღელვარე ლექტორის კეთილგანწყობამომარჯვებული შემართებით და ქულა–სტიპენდიაზე დაგეშილი ენთუზიაზმით პირველობისთვის მებრძოლი სტუდენტებითაა გადავსებული. ფარულად ნადირობენ ერთმანეთის აზრებზე, არადა უნდათ ორიგინალურები იყვნენ. მეგობრობენ, მაგრამ რეალურად წარმატების შემთხვევაში იბოღმებიან ერთმანეთზე.

მარიამ ჭ. ისე შედის კორპუსში თავის არაამქვეყნიურ ფიქრებთან ერთად, თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის. ერთ–ერთ სტუდენტმრავალ აუდიტორიას აგნებს. იქაც ჩვეულებრივი ამბავია. კარებზე გამოკრული ფურცლიდან იგებს, რომ ეს ის აუდიტორია არაა, სადაც უნდა მისულიყო. საკუთარ თავზე გაბრაზებული უკან ბრუნდება. ბუნდოვნად დამახსოვებულ გონებას აიძულებს ზუსტად გაიხსენოს აუდიტორია. დიდი წვალების შემდეგ პოულობს საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურის საგამოცდო ოთახსაც. რაღაც სიხალვათეა. ეტყობა, მის ხეტიალში თანაკურსელებმა შეძლეს თავიანთი კუთვნილი ინტელექტის გამოცდა და დაიცალნენ. დანარჩენები კი დანარჩენებივით ემზადებიან. ჭ. აცნობიერებს, რომ ლოდინი მაინც მოუწევს, ამიტომაც იქვე, ფანჯარასთან მიდის და იქ კალათდება. უნივერსიტეტის ინტერიერის ყურებას გარე გარემოს ამჯობინებს. აკვირდება დანარჩენი შენობების ვიზუალს, რომელიც ამინდის გამო სველია და მუქი. ესმის ქალაქის ხმაური: ერთმანეთში არეული ტრანსპორტის, ხალხის, ეკლესიის და მაღაზიების ხმა. ჩანთა მოიჩხრიკა. გაუმართლა, ფანქარი და ქაღალდები ბლომად ედო. იმწუთიერად ამოიღო და საკუთარი აღქმის გამოსახულებას შეუდგა. უნივერსიტეტის კორპუსებში მოქცეული მდედრი დახატა თოვლისას: ფიფქები უშინაარსო ფაზლებივით რომ ჯდებიან მის პალტოზე, მხატვრობის ჯერ არარსებული მიმდინარეობით.

ცარიელ ფურცელს აზრს აძლევს მარიამი, მაგრამ ცხოვრების აბსურდულობაზე ეფიქრება: როგორი ულოგიკო და ქაოსურია. სასჯელია, რომ ჩვენ ვიბადებით. ქრისტიანულმა სამყარომ სწორად შენიშნა ეს, როცა ღმერთმა სამოთხიდან გამოდევნა ადამი და ევა. ამ აქტის მთავარ მოქმედ პერსონაჟად ქალი – ევა (ცხოვრება) აქცია. ამით ქალს ცხოვრების საზრისი, საფუძველი, აზროვნება მიანიჭა, კაცი კი მისი ამსრულებელია, რომელიც ყოველთვის ჩანს. ხანდახან იმდენად ბრმად ასრულებენ ქალის სურვილებს, რომ მერე ღმერთთან უსუსური არგუმენტით უხდებათ თავის მართლება: „დედა–კაცმა, რომელიც მომეც მე, მომცა აკრძალული ნაყოფი და ვჭამე.“

ამგვარ ფიქრებში გართულ მარიამ ჭ–ს ლექტორის ხმა აფხიზლებს:

– მარიამ ჭ. თქვენ ბრძანდებით?

ჭ–ს ეუცხოვა ასეთი ოფიციალური მიმართვა და არც ესიამოვნა. მოკლედ უპასუხა:

– მე ვარ.

– კეთილი. წამობრძანდით, – აუდიტორიისაკენ გაუძღვა ქალბატონი ლექტორი.

მარიამმა უსიამოვნო შეგრძნებით მოკრიბა ფურცლები, ფანქრები, ჩანთა აიღო, ფანჯრიდან ჩამოხტა და ლექტორს ზლაზვნით შეჰყვა:

– პირდაპირ გეტყვით, მზად არ ვარ. არც კი ვიცოდი ფინალური გამოცდა თუ მქონდა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალია. მითხარით, მომდევნო სემესტრში საქმე როგორ მექნება? ვფიქრობ, არც კი ღირს გაგრძელება, რადგან არც კი ვიცი ნორმალურად რა საგნებს გავდივარ.

ლექტორს მარიამის გულწრფელობა, რა თქმა უნდა, ეუცხოვა, მაგრამ დაინტერესდა. შეეძლო თავიდანვე ეთქვა, თუ ეს ფაკულტეტი არ მოგწონს სხვაზე გადადიო, მაგრამ ასე არ მოიქცა:

– როგორც ვხედავ წაკითხულიც კი არაფერი გაქვთ. საერთოდ არ გივლიათ ამ სემესტრში? – სიმკაცრე შეეპარა ხმაში.

– ალაგ–ალაგ. თავიდან ვეცადე საინტერესო საგნები ამერჩია. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ლექცია–სემინარებზე იმდენად უინტერესო და სტანდარტული გარემო იყო, აღარ გამჩენია მოსმენის და მასში ჩართვის სურვილი. აღარაფერს ვამბობს სიარულზე.

ლექტორი აშკარაა გაწონასწორებული ქალია, მაგრამ მისი ჰაბიტუსი მაინც ირეკლავს მის შინაგან სამყაროს. რატომღაც ქალის სახეზე აღფრთოვანება ჭარბობს. ჰო, პარადოქსია – მის წინაშე მისი უარმყოფი დგას, მაგრამ ამით ის აღფრთოვანებულია:

– მოდი, აი, აიღე რომელიმე ბილეთი და სცადე, იქნებ წაკითხული მაინც გქონდეს რომელიმე?

მარიამმა ხელი დაავლო ერთ–ერთს. მისთვის ხომ კითხვა უმშვენიერესი აქტია, წიგნები აცოცხლებს და აცნობს ლოგიკის არმქონე სამყაროს, მასწავლებლების, ლექტორების გარეშე. ბილეთს დახედა: კამიუს „უცხოა“. ცხოვრებაში პირველად იგრძნო სიხარული მსგავს ფორმალურ გარემოში. ეს ლექტორსაც არ გამოპარვია:

– აბა რა შეგხვდა?

ჭ. იხსნება:

– ჩემი მასულდგმულებელი მწერალი – კამიუ და მისი ნაწარმოები – „უცხო“.

– როგორც ვხვდები, წაკითხული უნდა გქონდეს.

– არა, უფრო ზუსტი იქნება, ვთქვა, ნაგრძნობი მაქვს, თან არაერთხელ. როცა პირველად წავიკითხე, მეგონა, კამიუმ მერსოთი მე დამწერა. ვერ დავიჯერე, რომ ის წინა საუკუნეში ცხოვრობდა, იმდენად თანამედროვე და აქტუალურ პრობლემებზე საუბრობს. ძალიან მოკლედ და ამომწურავად რომ გიპასუხოთ, მეც დავიღალე. დამღალეს უსუსურმა ადამიანებმა, თავიანთი სამოქალაქო საზოგადოებით, მერყევი ღირებულებებით, სტანდარტულობით, სნობურობით, სიყალბით, თამაშით…

– როგორც კი შეგნიშნე, მაშინვე მივხვდი, რომ არასტანდარტული პიროვნება ხარ. არ გავხარ დანარჩენ სტუდენტებს, რომლებიც ქულებზე მევაჭრებიან, აზროვნებით მბაძავენ და სხვ. ეს დამღუპველია პიროვნებისთვის. ვაფრთხილებ კიდეც, მოსიარულე მკვდრები არ გახდნენ, მაგრამ წინ კედელია.

მარიამ ჭ. დუმს. ხელახლა დაბადების – მეტამორფოზის პროცესშია. კაფკას გმირისგან განსხვავებით ის არ იქცევა ხოჭოდ, ვიზუალურად ისეთივეა, უბრალოდ მოტივაცია იღვიძებს მასში. მოტივაცია იმისთვის, რომ თვით არ მოკვდეს, თვით არ შთაინთქას და სიცოცხლე განაგრძოს. იცოცხლოს, შეიგრძნოს საკუთარი უცხო, მტკიცე პიროვნულობა ერთფეროვან, სისტემაგამორეცხილ ადამიანთა გარემოში.

მარიამი ამას აცნობიერებს. ახლა მის წინ ტკბილმოუბარ ლექტორს კი არა, წმინდანს ხედავს. უნდა, მოეხვიოს, მაგრამ ასე არ იქცევა: ახალი ნახატის კონტურებს ხაზავს გონებაში.

ლექტორი ამ ყოველივეს ჭ–ში კითხულობს, ის მის ტყავშია შესული. უჩვეულოდ დგება და ეუბნება:

– შენ მე 100 ქულას გიწერ, საინტერესოვ, შესაბამისად უცხოვ. მინდა, არ მოდუნდე და შენი სიცოცხლისუნარიანობით შინაარსი შემატო ცხოვრებას. ვიცი, რთულია შენნაირი განსხვავებული, სტაბილური პიროვნების არსებობა ასეთ მეინსტრიმულ პერიოდში, მაგრამ უნდა გაუძლო მათ და შენი დაბადების ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულო. დიახ, შენც მერსოს მსგავსად საზოგადოებამ დაგსაჯა, რადგან თვითონ არ გკლავენ, ან თვითმკვლელობისკენ გიბიძგებენ ან მათთან ერთად თანაარსებობას გაიძულებენ. არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოახერხო, მაგრამ გზა უნდა იპოვო, შენი პერსონალურობის დაცვის.

ჰო, მარიამი ვალდებულია იცხოვროს და აცოცხლოს აბსურდი – დაიკავოს კუთვნილი ადგილი ამ სამყაროში.

ის უნივერსიტეტიდან კმაყოფილი გამოდის. თითქოს ბედნიერია. ლექტორის სიტყვებს იხსენებს და ცხოვრების მიმართ ამბივალენტობას განიცდის. თუ ცხოვრებას გააგრძელებს, ეს შეგუებას ხომ არ ნიშნავს? ის კი ცხოველი არაა, რომლებსაც გონება არ აქვთ და სადაც გაჩნდებიან იმ გარემოზე რომ ადაპტირებენ. მარიამი გონიერი ადამიანია, მას არ უნდა ის გარემო, სადაც ახლაა. ის რომელიმე ერთ კულტურას არ ეკუთვნის. ჰო, ტერიტორია, კონკრეტული სოციუმი მისი შემომსაზღვრელი არაა. ჭ. თავადაა ახალი სამყარო მოცემულ პერიოდში. მას უნდა დედამიწის ყველა ხალხს გაეცნოს, მათ კულტურას ეზიაროს, მათი ცხოვრებით იცხოვროს სიცოცხლის ბოლომდე, მრავალფეროვნად. ორ გადაწყვეტილებას იღებს: გააგრძელოს ცხოვრება გზაზე და დედობაზე თქვას უარი. ჰო, იყოს ქალი, მაგრამ არ იყოს დედა. მოიშოროს ეს სოციალურად კონსტრუირებული როლი, გათავისუფლდეს ყველა მაიდენტიფიცირებელი/მბოჭავი გარსისგან. მას არ უნდა მისი შვილი ამ ცხოვრების ნაწილი გახდეს, ჰოდა დაიცავს მას, თუკი რეპროდუქციულუნარიანობაზე იტყვის უარს. ტელეფონს ეძებს და გინეკოლოგთან რეკავს. ამ პროცესში მთავარ გზაზე გავიდა, ამკრძალავი შუქნიშანი არ შეუნიშნავს. გზაზე, რომელზეც შესვლის უფლებაც არ ქონდა მაღალსიჩქარიანი სასწრაფო დახმარების მანქანა მოძრაობდა, რომელმაც წამის გაელვებაში მარიამ ჭ. გაიტანა.

Related Blogs