არ გაჩერდე, ლინდა!
6/6/2019
ეს პოსტი ეძღვნება ყველას, ვინც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იბრძვის სტერეოტიპების დასანგრევად.
მეექვსე კლასში ახალი ფიზკულტურის მასწავლებელი დავინახე ჩემს კლასელ გოგოებს რაღაც სიაში წერდა. დავინტერესდი, მივედი და ვიკითხე. ირონიულად შემომხედა. “სირბილის ჩემპიონატია, შენ როგორ გეტყოდიო. პატარა ხარ, მოკლე ფეხები გაქვს სანამ შენ 5 ნაბიჯს გადადგამ, ისინი ფინიშთან იქნებიანო”. არ ვიცი, ჩემს ადგილზე შეიძლება ბევრი დეპრესიაში ჩაეგდო ამ ნათქვამს, ანდა სუიციდამდე მიეყვანა, რადგან მეექვსე კლასელი მოზარდი ამ დროს ძალიან მგრძნობიარეა. თუმცა მე მხოლოდ ეს ვუთხარი: – “თქვენ ჩემი ფეხების სიგრძეზე ნუ ინაღვლებთ, უბრალოდ სიაში ჩამწერეთ. არაფერი დაგაკლდებათ ამით”-მეთქი.
კონკურსამდე სულ 3 დღე მქონდა. საღამოს ბინის ეზოს წრეს ვარტყამდი გაკვირვებულმა მამაჩემმა რომ მკითხა, “რა ხდებაო”. ვუპასუხე, რომ სირბილის ჩემპიონატში მინდოდა მონაწილეობის მიღება, 300 მეტრზე და ვემზადებოდი. მამაჩემი, რომელმაც თავისი ცხოვრების 47 წელი ფეხბურთის მოედანზე გაატარა, გაოცდა, “როგორ გინდა, შვილო, 3 დღეში მოემზადო 300 მეტრიანი კროსისთვისო”. ჩემი პასუხი ძალიან მოკლე და იმდენად მყარი იყო, დიალოგი აქ დასრულდა, – “მინდა და მოვემზადები”-მეთქი.
მთელი შაბათი დღე მე და ჩემმა მეზობელმა ლალიკომ, რომელიც ბროწეულას სკოლა–ინტერნატში სწავლობდა და საკმაოდ კარგადაც დარბოდა, სამგურალის ძველ კორტებზე გავატარეთ, ტყეში. ის ჩემპიონატებში გამოცდილი იყო, მიხსნიდა, რომ “რთულია ასე მოკლე დროში რამე შეძლოო”. თანაც გამაფრთხილა, რომ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი მისი ჯგუფელი იღებდა მონაწილეობას ამ კონკურსში. “გიჟი გოგოა, ყველა ბიჭს ეძახის ისეთი ძლიერიაო. თანაც ამ სპორტისთვისაა დაბადებული და არ მინდა, გაწბილებული დარჩეო”. მასაც ვუთხარი, რომ ეს არ მაინტერესებდა. უბრალოდ მინდოდა, მითითებები მოეცა, რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება შეჯიბრისას.
შინ, როცა დედაჩემმა გაიგო, ზუსტად მაშინ მითხრა, რომ ჩემს ასაკში თვითონაც დარბოდა და რამდენჯერმე პირველი ადგილიც აუღია. მან გამამხნევა: “არ ინაღვლო, მოუმზადებელი არ ხარ, ჩვენ ყოველ დილით 3 კმ-ს გავდივართ, ფაქტობრივად, სირბილით, შენ რომ სკოლაში მიხვიდე და მე – სამსახურშიო”. დედას ამ სიტყვებმა სტიმული გამიასმაგა.
შეჯიბრზე მამა გამყვა. ძაან ღელავდა. ელოდა, რომ შევარცხვენდი, რახან მის სფეროში ასე მოულოდნელად შევიჭერი. სტადიონზე ჩემი ძმა დამხვდა, რომელიც ესეს იყო ფეხბურთის ვარჯიში დაესრულებინა და ჩემს გასამხნევებლად დარჩა. თანაც მისგან ვიგრძენი, რომ სულაც არ შერცხვენია ჩემი გაქცევის სურვილის. მეტიც, მის მეორეკლასელ მეგობრებსაც უთხრა, ჩემი და გარბისო და ერთად მგულშემატკივრობდნენ.
ის, გოგოები, რომელიც ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა ჩაწერა არცერთი იყო. სამაგიეროდ დავინახე ჩემი სკოლელი, არაერთგზის ჩემპიონი გოგო და ჰო, ლალიკოს ჯგუფელი, რომელმაც მართლა შემაშინა. ტანზე კროსისთვის განკუთვნილი ფორმა ეცვა, სამი მწვრთნელი ახლდა და მუდამ მითითებებს აძლევდნენ, როგორ უნდა ესუნთქა, როდის დაელია წყალი და ა.შ. მე კი მხოლოდ ვილვეტის შარვლით ვიყავი წარმოდგენილი. იმდენად დავიძაბე სტარტის ხმა რომ გავიგონე მწყობრი უკვე დაშლილი იყო დ ხაზზე მხოლოდ მე ვიდექი. არ ვიცი, რანაირად, მაგრამ როგორც შემეძლო გავიქეცი. გზად მხოლოდ ყველა დაბრკოლება მახსენდებოდა. გავრბოდი და საკუთარ imegine–ში ვიყავი. რეალობაში იმ დროს დავბრუნდი, როცა თავი ისევ მარტოდ ვიგრძენი. ფინიშამდე 100 მეტრი იქნებოდა დარჩენილი უკან მივიხედე და ერიჰაა, მეორე ადგილოსანს ჩემგან საკმაოდ შორს, დანარჩენებს კი ბუნდოვნად ვხედავდი. სწორედ ამ დროს, ფინიშთან ახლოს მამაჩემის განცვიფრებული და განწირული ხმა მესმის: – “უკან ნუ იხედები, ლინდა. ირბინე და ფინიშთან არ გაჩერდე”. მახსოვს, ჩაიხვია. “არ გაჩერდე, დაეცემი”.
ამასობაში ვერც კი გავიაზრე, რომ ფინიშთან ვიყავი. პირველი ადგილის ნიშანი, რომელსაც ზუსტად ამ ადგილზე აძლევენ გზაში სირბილით დამაწიეს. ძაანაც რომ მნდომოდა ისეთი სიძლიერით გავრბოდი, უკვე ფიზიკის კანონებთან შებრძოლების თავი აღარ მქონდა, გამოვიდა სტადიონს კიდევ ერთი წრე დავარტყი ინერციით. მახსოვს, მამაჩემი ძაან გაფითრებული იყო, სასწრაფოს ექიმთან ერთად, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის მობილიზებული ჰყოლია. ფიზკულტურის მასწავლებელი შოკში იყო, ყვიროდა, “ეს ჩემი მოსწავლეაო”. მამაჩემამდე ის მოვიდა და ჩამეხუტა. “შენ იცი ახლა რა ქენი? – რეკორდი დაამყარე. ეს წარმოუდგენელი შედეგიაო”. ამ დროს მამა ისევ იმ ხმით: – “იმოძრავე, ლინდა, დაეცემი”. მასწავლებელმა მამაჩემს გახედა. „ვაა, რომან, ეს შენი შვილია?“ და დაიწყო იმერული ესკიზები.
ვცადე გავჩერებულიყავი. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. ფეხებში თითქმის ყველა კაპილარი გაწყვეტილი. ყველა მამაჩემს დაესია.
მე მაინც ვერ ვჩერდებოდი.
სპორტ სკოლის დირექტორიც გაოგნებული იყო. „ახლა აღარ მიკვირს, შენი შვილია და ამიტომ აიღო 30 მეტრიანი სხვაობით პირველი ადგილიო“. მე უბრალოდ გამეცინა.
როცა, როგორც იქნა, შოკირებული ხალხის გროვას თავი დავაღწიეთ, მამაჩემმა მისაყვედურა, რომ ასე თავი არ უნდა გამეწირა და სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკზე არ უნდა დამედო. ცოტა ხანში, ძალიან გამიჭირდა მოძრაობა. სახლში ტაქსით წამიყვანეს. ერთი კვირა დაჭიმული მყესებით ვმოძრაობდი. ჩაქცევებიც დიდიხანი მქონდა.
ფიზკულტურის მასწავლებლის დამოკიდებულება იმგვარად შეიცვალა, რაღაც სასწაულს რომ წააწყდება და მერე რომ რწმენა უჩნდება. იმ დღის შემდეგ ყოველთვის მოწიწებით მხვდებოდა, შეჯიბრებებში პირველი მე მწერდა და სულ ამ ამბავს იხსენებდა, არც კი ვაპირებდი თავიდან თვითონ ჩამაწერინა თავიო, ცოდვის გამოსყიდვის მოტივივით.
მართლა დიდ რისკზე წავედი. გამიმართლა და გადავრჩი. ძალიან ახლოს ვიყავი მსუბუქად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან და მძიმედ – სიკვდილთან. თუმცა, მე დავამტკიცე, რომ გაქცევა შემეძლო.