დეფიციტის მენტალიტეტი, მემარჯვენე ქალი და უფასოდ მუშაობის ილუზია

დეფიციტის მენტალიტეტი, ფინანსური შფოთვა და უფასოდ მუშაობის კულტურა - პირადი გამოცდილება 90-იანელისთვის, რომელიც სწავლობს უსაფრთხოების, საზღვრებისა და საკუთარი შრომის ფასის თავიდან გააზრებას.

Linda Chikhladze

1/31/20261 min read

რამდენიმე დღის წინ ერთმა პოსტმა ისევ დამაბრუნა იმ კითხვასთან, რომელსაც დიდი ხანია გავურბოდი:
თუ ჭკვიანი ხარ, შრომისმოყვარე და პროფესიულად წარმატებული, რატომ არ ქრება ფულთან დაკავშირებული შფოთვა?

ერთი შეხედვით კითხვა ლოგიკურია. თუ შემოსავალი გაქვს, სტრატეგიულად ფიქრობ და „გონივრულ“ ფინანსურ გადაწყვეტილებებს იღებ, ფინანსური სტრესი წესით უნდა შემცირდეს. მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს გვაჩვენებს, განსაკუთრებით ჩვენთვის, 90-იანელებისთვის.

ჩემთვის ამ თემაზე ფიქრი ერთ კონკრეტულ მომენტში დაიწყო. წლების წინ, ოპერაში ყოფნისას, ჩემმა თანატოლმა მეგობარმა სრულიად ჩვეულებრივად მითხრა: უფულობის შიში მაქვსო. მაშინ პირველად მკაფიოდ დავინახე, რომ ჩემი შფოთვების დიდი ნაწილი სწორედ იქიდან მოდიოდა - ბავშვობიდან, მუდმივი დეფიციტის გამოცდილებიდან.

ეს შიში არ უკავშირდება მხოლოდ ანგარიშზე არსებულ ციფრებს. ის უკავშირდება უსაფრთხოების განცდას, ან უფრო სწორად, მის არარსებობას.
და მაინც, პარადოქსულად, ეს შფოთვა ძალიან კონკრეტულ ციფრებში ითარგმნება: როცა ანგარიშზე თანხა სამნიშნა რიცხვამდე ჩამოდის, შფოთვა მეწყება; ორნიშნულზე კი უკვე სხეული ერთვება - სუნთქვა მიჩქარდება, კონტროლის განცდა ქრება, პანიკური შეტევის ზღვარზე ვდგები.

ეს რეაქცია არ არის „არაგონივრული“. ეს არის სხეულის მეხსიერება. ბავშვობაში ნასწავლი სიგნალი, რომ რესურსის შემცირება საფრთხეს ნიშნავს. ტვინი არ კითხულობს კონტექსტს, არ აინტერესებს, რომ ხელფასი ისევ მოვა, რომ გამოცდილება გაქვს, რომ სიტუაციას გაუმკლავდები. ის მხოლოდ ერთ რამეს ხედავს: რიცხვი იკლებს, უსაფრთხოება საფრთხეშია. სწორედ ასე მუშაობს დეფიციტის მენტალიტეტი, არა ლოგიკით, არამედ გადარჩენის რეჟიმით.

ამ შიშის გადასალახად წავედი თურქეთში. ვიცხოვრე იქ, ვიმუშავე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მემარჯვენე ვარ: მჯერა შრომის, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის და საკუთარი რესურსების შექმნის. თუმცა პარადოქსია, ჩემი ქვეყნის „სიღარიბე“ ჩემთან ერთად გადავიდა საზღვარზე.

თურქეთში გამომუშავებულ ფულს საქართველოში ვხარჯავდი, რადგან შინაგანად მჯეროდა, რომ ჩემი პირადი წარმატება იმ ქვეყანას უნდა დაბრუნებოდა, რომელმაც გამზარდა. თითქოს უფლება არ მქონდა უბრალოდ კარგად მეცხოვრა, თუ ეს კეთილდღეობა „სუსტ ეკონომიკას“ არ ეხმარებოდა.

ამავე ლოგიკით, საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებში მიღებული ტრავმული გამოცდილებების შემდეგ, საჯარო სამსახურში დაბრუნება აღარასდროს მომდომებია. არ მინდოდა ქვეყნის ბიუჯეტიდან ამეღო ხელფასი, იმ ბიუჯეტიდან, რომელიც ბავშვობიდან დეფიციტთან ასოცირდებოდა. ასე დავრჩი არასამთავრობო სექტორში, მემარჯვენე ქალი ენჯეოში, შიდა წინააღმდეგობებით სავსე.

საქართველოში ყოფნისას ხშირად „გადამრჩენელის“ როლშიც ვვარდები. აქ ძალიან მარტივია, დედა ტერეზად გადაიქცე, გარემო ამას შენგან თითქმის ავტომატურად ითხოვს. თუ შეგიძლია, ყველაფერი უნდა გააკეთო; თუ აკეთებ კარგ საქმეს, ანაზღაურებაზე საუბარი უხერხულია; თუ სოციალურ ცვლილებაზე მუშაობ, პირადი კეთილდღეობა მეორეხარისხოვანია. და აქ იკვეთება დეფიციტის მენტალიტეტის ყველაზე მზაკვრული ფორმა: ალტრუიზმი, რომელიც სინამდვილეში გადარჩენის სტრატეგიაა. ჩემი ვორკაჰოლიზმიც სწორედ ამ ლოგიკის გაგრძელებაა - ბავშვობის ტრავმისა და მუდმივი საფრთხის განცდის პასუხი. მუშაობა ხდება არა არჩევანი, არამედ - თავდაცვის მექანიზმი.

ხანდახან გულიც მწყდება: ამავე შრომისმოყვარეობითა და ამავე „ადიქციით“ რომელიმე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში დღეს ბევრად მეტს გამოვიმუშავებდი. და ეს ჰიპოთეზა არ არის, ცდაც არ დამიკლია. უბრალოდ, არჩევანი ყოველთვის აქ ბრუნდებოდა - იქ, სადაც დეფიციტი ნორმადაა ქცეული.

მაგრამ ბოლო დროს რაღაც შეიცვალა. როგორც იქნა, აქ და ამჟამად, მივედი მნიშვნელოვან დასკვნამდე: დეფიციტის მენტალიტეტი არ ქრება მხოლოდ შემოსავლის ზრდით. ის იცვლება მაშინ, როცა საკუთარ თავს უსაფრთხოების განცდის თავიდან სწავლას ვიწყებთ. ეს კი მოითხოვს ფინანსურ განათლებას, საზღვრების დაწესებას და ყველაზე რთულ ნაბიჯს - საკუთარი შრომის ფასის აღიარებას.

ამიტომ დღეს შეგნებულად ვამბობ: ძალიან ვეცდები, უფასოდ აღარაფერი გავაკეთო. არა იმიტომ, რომ ნაკლებად მზრუნველი გავხდი, არამედ იმიტომ, რომ ზრუნვა, რომელიც საკუთარ თავს გამორიცხავს, საბოლოოდ არც საზოგადოებას აძლიერებს.