იქ
6/18/2018
აუზიდან ამოსრიალებული იამურის* ოქროსფრად მბზინავი სხეული შეზლონგზე გაჰორიზონტალურდა. ბრილიანტებად გადაქცეულმა აუზის წყლის წვეთებით დაფარულმა იქვე დავანებულ ალის მის საცქერლად მომზადებულ თვალებს სინათლე წაართვა. ისედაც რამადანის** შენახვის გამო დაოსებული სხეული მზემ უფრო გამოუფიტა და ძილმა ჩაითრია. იქ იამურთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე რეალობაში. შეზლონგებს შორის სივრცე აღარ ჰყოფდათ და მათი სხეულები ერთსულ და ერთხორც თრთოდნენ წმინდა თვის მზის ქვეშ.
– “ალლაჰ აქბარ!”*** – მინარეთიდან მოლას აზანის**** ძახილის ხმამ ალის არაცნობიერ სამყაროს ცნობიერ სამყაროში გადაბარგება აიძულა. მის გვერდით თითქოს ვიღაცამ ჩუმად, მისი ნების საწინააღმდეგოდ სურათი შეცვალა, თითქოს სიცარიელემ იამურით ისადილა. ალიმ გახევებული მზერა სხვა ადგილებს მოატარა, საკმაოდ ასვა წყალი და ბოლოს კორპუსებს შორის საერთო ჰავლუში***** გახვეული იამურისა და ეილულის****** სურათმა დაიპყრო. ის სხვასთან ერთად იყო, და არა მასთან, თუმცა, ისე ჩანდა, რომ ერთნი იყვნენ, ერთმანეთს არ ჰგავდნენ, მაგრამ ერთნაირები იყვნენ, ერთნაირი სიყვარულით სავსე. იამურისაც მაისის წვიმასავით სილაღე ეტყობოდა და შესაშურად ბედნიერადაც გრძნობდა თავს იქ, მის სამყაროში.
*იამური (თურქ.) – წვიმა, ქალის სახელი.
**რამადანი (არაბ.) – მუსლიმთა მთვარის კალენდრის მიხედვით მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცები, ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები, ორსული და მენსტრუაციული ციკლის მქონე ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა დაარღვიონ. რამადანის მარხვა ერთ-ერთია მუსლიმთა ხუთი მოვალეობიდან.
***ალლაჰ აქბარ (არაბ.) – ღმერთი ყველაზე დიდია.
****აზანი (არაბ.) – ლოცვისაკენ მოწოდება. აზანს ასრულებს მუძინი მეჩეთის მინარეთიდან.
*****ჰავლუ (თურქ.) – პირსახოცი.
******ეილული (თურქ.) – სექტემბერი; ქალის სახელი.