ირანი — შემეცნების გამოცდილება

კინო, კულტურა და ქალი ძალაუფლების ჩარჩოში

Linda Chikhladze

1/19/20261 min read

ირანი პირველად კინოს საშუალებით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.
არა პოლიტიკით. არა სიახლეებით.
კინო-კადრით.

აბას ქიაროსტამი და ჰომაიან ერშადი პირველად უნივერსიტეტის პირველ კურსზე გავიცანი.სწ ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, ერთ პატარა კინოჩვენებაზე. იმ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ კინოს არ ეხებოდა. ეს იყო პირველი ნაბიჯი კულტურისკენ, რომელიც მანამდე ჩემთვის თითქმის არ არსებობდა.

მანამდე ირანი ჩემთვის „ყიზილბაშების“ ბუნდოვანი ისტორიული ასოციაცია იყო — შორეული, უხეში და ემოციურად ნეიტრალური. არ მაინტერესებდა.
და მერე უცებ, კინო, სადაც მსახიობი რეჟისორზე მეტს გიყვება. ეს ჩემთვის იშვიათია, თუმცა ირანულ კინოში ეს ხშირად ხდება.

მოგვიანებით ვნახე სორაია მ.-ს ჩაქოლვა.
ეს უკვე სხვა ეტაპი იყო.
ეს აღარ იყო მხოლოდ კინო. ეს იყო შოკი, ცნობიერების ამოპირქვავება.

იმ პერიოდში სულ "ჩადრით" ვიღებდი ფოტოებს. განზრახ. თითქოს მინდოდა, ჩემი სახე ყოფილიყო მტკიცებულება იმისა, რომ სადღაც დედამიწაზე არსებობდა სისტემა, რომელსაც „აზრის პოლიცია“ ჰყავდა. სისტემა, სადაც თავისუფალი აზროვნება სასიკვდილო დანაშაული იყო, განსაკუთრებით ქალისთვის.

იმ მომენტიდან ირანი ჩემთვის ქალების ისტორიით დაიწყო.

წლების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობისას, სოციალური მეცნიერებების კინოკლუბში აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი მეგობარი - მერაბ მელაძე მოვიწვიე. მან საჯარო ლექცია ჩაატარა ირანზე: მითებზე, სტერეოტიპებზე და იმაზე, როგორ მუშაობს რელიგია, როცა ის ინსტიტუციად იქცევა. მეორე დღეს ვაჩვენეთ „სექტემბერი შირაზში“ და დისკუსიაც გავმართეთ.

იმ საღამოს საბოლოოდ დავინახე ის, რასაც მანამდე მხოლოდ ვგრძნობდი:
რელიგია, როცა დიქტატორის ხელში ინსტრუმენტი ხდება, დემოკრატიას კი არ ანაცვლებს, ის ანადგურებს მას.

ამის შემდეგ ირანული კულტურა უკვე მიზანმიმართულად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

მარჯანი სატრაპი. ჯერ მისი კომიქსი, მერე ფილმი. ირონია, ბავშვობა, რევოლუცია და ქალი, რომელიც საკუთარი მეხსიერებით ეწინააღმდეგება სისტემას.

ამ გზაზე მახლდა ჯალალედინ რუმის სუფიური ლექსებიც, არა როგორც რელიგიური ტექსტები, არამედ როგორც თვითშემეცნების სივრცე. მაშინ თურქეთში ვცხოვრობი, ვეცნობოდი ისლამს უშუალოდ: ადამიანებით, ყოველდღიურობით, ნასრედინ ჰოჯას ფილოსოფიური ანეკდოტებით. ვხვდებოდი, რომ პრობლემა რწმენა კი არაა, პრობლემა მისი ინსტიტუციონალიზებული ძალაუფლებაა.

ამ გზაზე შეუძლებელია არ გადაეყარო ფორუღ ფარხზადი. მისი პოეზია ჩემთვის არის ირანის ყველაზე პირდაპირი, დაუცველი და დაუმორჩილებელი ხმა. ქალი, რომელიც ლექსში აღარ იმალება, არც რწმენის უკან, არც მორალის. ფორუღთან ერთად ირანი აღარ არის მხოლოდ ჩარჩო; ის ხდება სხეული, ხმა და წინააღმდეგობა.

ასგარ ფარხადი ამ ყველაფერს ადამიანური დრამით მაჩვენებდა — განქორწინების, არჩევანის, პასუხისმგებლობისა და ტკივილის ყველა შრით. მის ფილმებში არავინ არის ბოლომდე დამნაშავე და არც ბოლომდე მართალი. და სწორედ ეს არის სიმართლე.

ხოლო მარჯან ფარსადიხმა ჩემთვის შემოდგომის მუდმივი ფონია — მშვიდი, მელანქოლიური და შინაგანად დამამშვიდებელი.

და მაინც, ცალკე უნდა გამოვყო აბას ქიაროსტამი.
მისი კადრები, ფერები, დუმილი. კინო, რომელიც არ გეუბნება რა იგრძნო, მაგრამ მაინც მოქმედებს. სწორედ მის ფილმებში დავინახე, როგორ შეიძლება კადრი არსებობდეს როგორც დამოუკიდებელი აზრი, როგორც სურათი, რომელიც მოძრაობს. ქიაროსტამის კინოსთან ერთად შემიყვარდა ფოტოგრაფიაც: ხედვა, მოთმინება, სივრცის დატოვება. მისი ფილმები არ გასწავლიან, როგორ იფიქრო, ისინი არ გექაჩებიან, არ გმართავენ; უბრალოდ გიტოვებენ სივრცეს ფიქრისთვის.

დღეს, როცა ირანზე ვფიქრობ, ეს აღარ არის მხოლოდ ქვეყანა.
ეს არის გამოცდილება.
გაფრთხილება იმაზე, სად შეიძლება მიგვიყვანოს ფანატიზმმა,
და იმედი იმაზე, რომ კულტურა - კინო, ლიტერატურა, მუსიკა დიქტატურაზე დიდხანს ცოცხლობს.

შემეცნება არ იწყება პასუხით. ის იწყება დაკვირვებით.