კარგი გოგოს კომპლექსი, ცუდი გოგოს აჩრდილი და საკუთარი თავის დაბრუნება
კარგი გოგოს კომპლექსი: როგორ დავაბალანსოთ „ცუდი გოგო“ და ვიპოვოთ საკუთარი თავი
ლინდა ჩიხლაძე
3/30/20261 min read


ხშირად ამბობენ, რომ „კარგი გოგოდ“ ყოფნა ღირსების საკითხია. სინამდვილეში კი ეს შეიძლება იყოს არა ხასიათი, არამედ ადაპტაცია.
ზოგი ადამიანი დაბადებიდან კი არ არის ზედმეტად მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი, წარმატებაზე ორიენტირებული და შეცდომისდაშვების შიშში მყოფი. ზოგჯერ ის ასეთად ყალიბდება იმ გარემოში, სადაც სიყვარულს, სიმშვიდეს, აღიარებასა და შინაგან უსაფრთხოებას თავისი ფასი აქვს. ეს ფასი კი ხშირად ასე იწერება: კარგად უნდა ისწავლო, არ უნდა შეარცხვინო ოჯახი, არ უნდა შეცდე, კისერი არ უნდა მოიტეხო, არ უნდა იყო ზედმეტი, ხმაურიანი, მოუხერხებელი, მოუმზადებელი, „ცუდი“. კარლ როჯერსი ამას „პირობით მიღებას“ (conditional positive regard) უწოდებდა: ბავშვს უყალიბდება რწმენა, რომ მისადმი მიმღებლობა, სითბო, სიყვარული არა უპირობოდ, არამედ გარკვეული ქცევების სანაცვლოდ მოდის. ასეთ დროს თვითღირებულება თანდათან გარედან მოწოდებულ შეფასებებზე ებმება (Rogers, 1959).
მე კარგი გოგო სწორედ ასე გავხდი. ისეთი, სკოლაში რომ დაფაზე გამოაკრავენ. ათოსანი, ოქროსმედალოსანი, წესრიგიანი, წარმატებული.
ისეთი, რომელსაც საგანმანათლებლო ჯილდოებს პირადად გადასცემენ: მინისტრები, რესურცენტრის ხელმძღვანელები და ა.შ. ისეთი, რომლის მიმართაც ყველას აქვს მოლოდინი და ეს მოლოდინი თანდათან მისი შინაგანი ხმა ხდება.
მაგრამ „კარგი გოგოს“ მითოლოგია ერთ არსებით რამეს ფარავს: გარედან ეს ყველაფერი დისციპლინას ჰგავს, შიგნიდან კი ხშირად შიში მართავს. არა სწავლის სიყვარული, არამედ შეცდომის, შერცხვენის, უარყოფის, იმედგაცრუებისა და არასაკმარისობის განცდის შიში.
მეოთხე კლასში, როცა ქართულ წერაში ოთხიანი მივიღე და ამ ერთ ნიშანს ოჯახური მასშტაბის კატასტროფა მოჰყვა, ეს მხოლოდ სასკოლო ეპიზოდი არ ყოფილა. ეს იყო ფსიქიკური წესრიგის ჩამოყალიბების მომენტი: შეცდომა უსაფრთხო არ არის. შეცდომა უბრალო შეცდომა არ არის. შეცდომა ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან ძვირფასი შეიძლება წამერთვას - პატივისცემა, მიღებლობა, სითბო, სიმშვიდე. ასეთ გამოცდილებაზე ბევრი ბავშვი ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: ჯობია იდეალური ვიყო, ვიდრე დაუცველი.
ამ წერტილიდან იწყება პერფექციონიზმის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფორმა. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მასალებიც განასხვავებს უბრალოდ მაღალ სტანდარტებსა და პერფექციონიზმს: ეს უკანასკნელი excellence-ისკენ სწრაფვა კი არა, ხშირად სხვებისგან მოთხოვნილი სრულყოფილების შინაგანად გადატანილი რეჟიმია. სწორედ „socially prescribed perfectionism“ განცდა, რომ სხვები შენგან სრულყოფილებას ელიან, უკავშირდება შფოთვას, დეპრესიულობას და ქრონიკულ თვითკრიტიკას. თომას კარანისა და სხვათა ნამუშევრებიც ამას უსვამს ხაზს: პერფექციონიზმი ხშირად ინდივიდუალური თვისება კი არა, კულტურულად და ურთიერთობითად გამაგრებული მექანიზმია.
ამიტომაც კარგი გოგო იშვიათად არის უბრალოდ კარგი. ის ხშირ შემთხვევაში ჰიპერვიგილანტია. სწავლობს ოთახის ტემპერატურას. სხვის განწყობას. შეფასების რისკს. გრძნობს, როდის რა უნდა თქვას, რა უნდა დამალოს, სად უნდა იყოს იდეალური, სად - სასურველი.
ამას აქვს თავისი მომგებიანი მხარეც. ასეთი გოგო ხშირად მართლაც აღწევს ბევრს. სწავლობს, მუშაობს, იტანს, უძლებს, ივითარებს თავს, ინტელექტუალურად სწრაფად იზრდება. მისი ენერგია მაღალია, ცნობისმოყვარეობა - ხშირად უზარმაზარი. მე თვითონაც ასე ვიყავი: ყველა საგანს ერთნაირად არ ვსწავლობდი, მაგრამ ცოდნისადმი სიხარბე მქონდა/მაქვს. რაღაცები ვალდებულების გამო ვისწავლე, რაღაცები - სიყვარულით. სამართალზე ჩავაბარე, მაგრამ არ მეყო და ჟურნალისტიკაც ვისწავლე; მერე კიდევ სხვა და სხვა პროფესიები - ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, კიბერუსაფრთხოება. თითქოს ერთი მიმართულება არასდროს იყო საკმარისი. თითქოს ცოდნა ჩემთვის მხოლოდ ინსტრუმენტი კი არა, გადარჩენის ფორმაცაა.
აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ყველა მიღწევა არ არის პათოლოგიური. არც წარმატებაა ყოველთვის ტრავმის შედეგი. მაგრამ როცა მიღწევა შენს არსებობას ამართლებს, სწავლა აღარ არის მხოლოდ ინტერესი, ის ხდება სარეგულაციო სისტემა. თვითშეფასების ძრავა. შინაგანი ქაოსის დისციპლინით გაკონტროლების გზა.
სწორედ აქ შემოდის დონალდ ვინიკოტის იდეა „ჭეშმარიტი“ და „ცრუ“ მე-ს შესახებ. ვინიკოტთან „ცრუ მე“ არ ნიშნავს ტყუილში ცხოვრებას მარტივი მნიშვნელობით. ეს არის ადაპტირებული, თავდაცვითი კონსტრუქცია, რომელიც იქმნება მაშინ, როცა ადამიანის სპონტანურობა, სურვილი, გაბრაზება, დაუმორჩილებლობა ან დაუმუშავებელი ემოცია უსაფრთხოდ ვერ განიცდება. ასეთ დროს ადამიანი ქმნის სოციალურად მისაღებ, კარგად ფუნქციონირებად, მოწესრიგებულ ვერსიას საკუთარი თავისა - ვერსიას, რომელიც გადარჩენაში ეხმარება, მაგრამ თანდათან შეიძლება იმდენად გაძლიერდეს, რომ ნამდვილი შინაგანი ცხოვრება ჩამოახრჩოს. კლინიკურ და თეორიულ ლიტერატურაში ვინიკოტის „false self“ სწორედ როგორც თავდაცვითი ორგანიზაციაა განხილული, ხოლო „true self“, როგორც უფრო სპონტანური, ცოცხალი და შემოქმედებითი არსებობა.
„კარგი გოგო“ ხშირად სწორედ ეს ცრუ მეა, არა იმიტომ, რომ ის ყალბია, არამედ იმიტომ, რომ ის მეტისმეტად ფუნქციურია. ის იმდენად კარგად ასრულებს როლს, რომ სხეულს, სურვილს, აგრესიას, დაუმორჩილებლობას, ეროსს, სირცხვილსა და ქაოსს ადგილი აღარ რჩება. ხოლო რაც არ რჩება დღის სინათლეზე, ის მთლიანად არასდროს ქრება.
იუნგი სწორედ ამ ნაწილს უწოდებდა ჩრდილს: პიროვნების იმ ასპექტებს, რომლებსაც ეგო და სოციალური პერსონა ვერ იტევს ან მიუღებლად მიიჩნევს. პერსონა აუცილებელიც კია, ის გვეხმარება სამყაროსთან ურთიერთობაში, სოციალური როლების შესრულებაში, წესების დაცვაში. მაგრამ როცა ადამიანი ზედმეტად იდენტიფიცირდება პერსონასთან, ჩრდილი უფრო ძლიერდება. ის არ ქრება; უბრალოდ სიღრმეში ინაცვლებს და სხვა ფორმებით იწყებს დაბრუნებას - სიმპტომებში, სიზმრებში, იმ ადამიანებისა და ურთიერთობების მიმართ ძლიერ მიზიდულობაში, რომლებიც თითქოს ჩვენს „კარგ“ იმიჯს ეწინააღმდეგება, სირცხვილის წყაროებსა და ირაციონალურ რეაქციებში.
ამიტომ „ცუდი გოგო“ ხშირად მორალური კატეგორია კი არ არის, არამედ ფსიქიკური დაბრუნებაა.
ეს არის შენი ის ნაწილი, რომელსაც წლებია უთხრეს: შენ ზედმეტი ხარ.
ძალიან ხმამაღალი ხარ.
ძალიან თავისუფალი ხარ.
ძალიან ვნებიანი ხარ.
ძალიან გინდა.
ძალიან არემორჩილები.
ჩემი გამოცდილებით, ეს „ცუდი გოგო“ ჩემში ყოველთვის იყო, უბრალოდ, დიდი ხნის განმავლობაში ხილული მხოლოდ „კარგი გოგო“ იყო. მან ისწავლა ნიშნების, ჯილდოების, წესრიგისა და მიღწევების ენა. მან იცოდა, როგორ ყოფილიყო სასურველი. როგორ ყოფილიყო ისეთი, რომ სხვას მისით ეამაყა. მაგრამ ამ პროცესში სხვა ნაწილმა - უფრო ინსტინქტურმა, თავისუფლებისმოყვარემ ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაიწია.
ასეთ დროს ცხოვრება ხშირად თავად აწყობს ინტეგრაციის სცენას. ზოგისთვის ეს ხდება სიყვარულში, ზოგისთვის პროფესიულ კრიზისში, ზოგისთვის მძიმე ავადობისას, ზოგისთვის კი - გაქცევით. 2017 წელს, როცა სისტემიდან, სახლიდან, ქვეყნიდან გავიქეცი და თურქეთში სრულიად სხვა, პრაქტიკული, ყოველდღიური შრომის სამყაროში აღმოვჩნდი, ეს მხოლოდ ემიგრაცია არ იყო. ეს იდენტობის დემონტაჟიც იყო. მე, რომელსაც საკუთარი საწოლის გასწორებაც არ ვიცოდი, ვისწავლე შრომა, მოვლა, წესრიგი, საჭმლის კეთება, სამუშაოს კეთება ისე, რომ ეს აღარ იყო „ბრწყინვალე მოსწავლის“ ნარატივი. იქ სხვა ტიპის ცოდნა მოვიდა: არა მედლის, არამედ ცხოვრების ცოდნა.
გზამ ცხოვრება მასწავლა და ახლა პერიოდულად, განსაკუთრებით, პროფესიული გადაწვისას გზა სულ მენატრება.
ასეთი გარდატეხები ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ადამიანს აძალებენ გადაეწყოს მიღწევაზე დაფუძნებული ღირებულებიდან გამოცდილებაზე დაფუძნებულ ღირებულებაზე. როჯერსის ენით რომ ვთქვათ, ეს არის მოძრაობა უფრო კონგრუენტული არსებობისკენ, იქით, სადაც „რეალური მე“ და „იდეალური მე“ ერთმანეთისგან აღარ არიან ასე შორს. როცა ეს დაშორება დიდია, ადამიანი მუდმივ შინაგან დაძაბულობაში ცხოვრობს. როცა მცირდება, იზრდება ფსიქიკური სიმშვიდე და თანხვედრის განცდა.
მაგრამ ინტეგრაცია იოლი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ სხეული და სურვილი წლების განმავლობაში კონტროლის, შიშის და აკრძალვის ენაზე იზრდებოდა.
ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა ის, თუ რატომ შეიძლება ზრდასრულობაში ინტენსიური მიზიდულობა გაჩნდეს იქ, სადაც თავისუფლება ოდნავ მაინც ირღვევა, ან სადაც კავშირს დაძაბულობის ელფერი დაჰკრავს. ამაზე მარტივი, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს და არც ყველა შემთხვევა უნდა გადაითარგმნოს ტრავმის ენაზე. სურვილი კომპლექსური სფეროა. მაგრამ ფსიქოდინამიკური და ტრავმაზე ორიენტირებული ლიტერატურა მართლაც აღწერს იმას, რომ ადამიანი ზოგჯერ არა უსაფრთხოს, არამედ ნაცნობს ეძებს. ვან დერ კოლკისა და სხვების ნაშრომებში განმეორების იძულება სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ფსიქიკა და სხეული ხანდახან ხელახლა აწყობენ იმ ნიმუშებს, რომლებიც ადრე ვერ დამუშავდა. ეს განმეორება ყოველთვის გაცნობიერებული არჩევანი არ არის; ხშირად ის მცდელობაა, ისევ მიუახლოვდე იმას, რაც ოდესღაც ძალიან ძლიერად განიცადე. ამჯერად თითქოს იმისთვის, რომ მასზე კონტროლი მოიპოვო, აზრი მიანიჭო ან ბოლომდე მიიყვანო. თუმცა ასეთ დაბრუნებას იშვიათად მოაქვს ნამდვილი შვება.
ამიტომ, როცა ქალი ამბობს, რომ მას ინტენსივობა იზიდავს, ან რომ კონტროლის ჩრდილი მის სურვილს განსაკუთრებულ დაძაბულობას სძენს, ამის მოსმენა მორალიზებით არ უნდა დავიწყოთ. ეს არც „გაფუჭებულობას“ ნიშნავს და არც იმას, რომ მას კონტროლი უნდა. უფრო ხშირად ეს ნიშნავს, რომ მის შიგნით თავისუფლება, აკრძალვა, სურვილი, შიში და აღგზნება ერთმანეთისგან გამიჯნული არასოდეს ყოფილა. ამიტომაც არის ეს კვანძი ასე რთული: ოდესღაც სისუფთავე, წესიერება და სიყვარული ერთად იყო შეკრული, ხოლო აგრესია, დაუმორჩილებლობა და სხეულის ძალა კი - ჩრდილში გადატანილი.
აქვე სიფრთხილეც საჭიროა: სურვილის ინტენსივობა ძალადობრივ დინამიკასთან არ უნდა გავაიგივოთ. ფანტაზია, როლი, კონტროლის თემატიკა თუ დაძაბულობა სხვადასხვა ზრდასრული ადამიანის ინტიმურ ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულად შეიძლება ფუნქციონირებდეს. ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ის არის, რამდენად თავისუფალია ადამიანი საკუთარ სურვილში, რამდენად შეუძლია არჩევანის გაკეთება თანხმობაზე, საზღვრებსა და საკუთარ ნებაზე დაყრდნობით და რამდენად სცილდება ეს ყველაფერი იმ ნიმუშებს, სადაც თვითღირებულება ისევ სხვის ძალაუფლებაზე ხდება დამოკიდებული. ამ განსხვავების დანახვა უკვე შინაგანი სიმწიფის ნაწილია.
სწორედ ამიტომ „ცუდი გოგოს გამოშვება“ ჩემთვის არ ნიშნავს უბრალოდ წესების დარღვევას. არც იმაზეა საუბარი, რომ „კარგი გოგო“ უნდა მოკვდეს. პირიქით, ხშირად „კარგი გოგო“ ჩვენი ძალიან ნიჭიერი, გამძლე, შრომისმოყვარე და გონიერი ნაწილია. მან ბევრი რამ გადაგვატანინა. მან შეგვაძლებინა აკადემიური წარმატება, სირთულეებში ფუნქციონირება და სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა. პრობლემა მაშინ იწყება, როცა ეს ნაწილი რესურსის ნაცვლად მკაცრ შინაგან რეჟიმად იქცევა.
ჯანმრთელი ინტეგრაცია ნიშნავს, რომ „კარგი გოგო“ აღარ მართავს ყველაფერს. ის აღარ არის დომინანტი ნაწილი, მხოლოდ ერთ-ერთია სხვა მნიშვნელოვან ნაწილებს შორის.
მის გვერდით კი ჩნდება სხვა ხმაც:
ის, რომელსაც შეუძლია თქვას „არ მინდა“.
„ეს ჩემი საგანი არაა.“
„ეს მხოლოდ კრედიტისთვის გავიარე.“
„მე მრავალმხრივი ვარ.“
„მე ცოდნის მიღება მიყვარს, მაგრამ არ მინდა, არსებობა ცოდნით დავიმსახურო“.
„მე ვარ ამბიციური, მაგრამ არა საკუთარი სისხლის ფასად.“
„მე შეიძლება მსურდეს ინტენსივობა, მაგრამ ჩემი თავისუფლების ხარჯზე არა.“
ეს უკვე კარგისა და ცუდის მორალური დაპირისპირება აღარ არის.
ეს არის ფსიქიკური მთლიანობის დაბრუნება.
ვინიკოტის ენაზე, ამ პროცესში ადამიანი ცდილობს არა უკეთეს პერსონას, არამედ უფრო ავთენტურ და ცოცხალ საკუთარ თავს მიუახლოვდეს. როჯერსის ენაზე - უფრო კონგრუენტულ არსებობას. იუნგის ენაზე კი - ჩრდილის ინტეგრაციას, რათა ის დესტრუქციული ძალით აღარ ბრუნდებოდეს, არამედ ცნობიერ ცხოვრებაში დაიკავოს ადგილი.
და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა:
კარგი გოგოსგან განკურნება არ არის ცუდ გოგოდ ქცევა.
ეს არ არის ერთი როლის მეორეთი შეცვლა.
ეს არის უარი იმ იძულებაზე, რომ აუცილებლად ერთ-ერთი უნდა იყო.
შეიძლება იყო დისციპლინირებული და დაუმორჩილებელიც.
ინტელექტუალური და საკუთარი სხეულის, სურვილისა და შეგრძნებების მიმართ მგრძნობიარეც.
მზრუნველი და მრისხანეც.
სანდო და თავისუფალიც.
ქალი, რომელიც სწავლობს, შრომობს, ქმნის, იკვლევს, ასწავლის და ამავე დროს აღარ აპირებს საკუთარი სურვილის, აგრესიის, ეროტიკის, დაუმორჩილებლობისა და ამბივალენტობის გადასახლებას მიწისქვეშეთში.
კარგი გოგოს კომპლექსი სწორედ იქ მთავრდება, სადაც ადამიანი პირველად ბედავს იკითხოს:
ჩემი წარმატება მართლა ჩემია?
ჩემი წესიერება ჩემია თუ შიშის ნიღაბი?
ჩემი სურვილი ჩემი ხმაა თუ წარსულის ექო?
და თუ ორივეა, როგორ ვიცხოვრო ისე, რომ არც ერთი ნაწილი აღარ იყოს იატაკქვეშ?
ამ კითხვებზე პასუხი სწრაფად არ მოდის.
მაგრამ სწორედ ამ კითხვებით იწყება შინ დაბრუნება.

