ონლაინ უსაფრთხოება რეგიონებში - „ვიფიქრებ, სანამ დავაჭერ“

ზუგდიდიდან წყალტუბომდე - ბავშვების, მოზარდებისა და ქალების ისტორიები ციფრული უსაფრთხოების შესახებ და პასუხისმგებლობის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი არჩევანი, შეჩერდე და დაფიქრდე.

ლინდა ჩიხლაძე

2/16/20261 min read

ზუგდიდში როცა პირველად შევედი კლასში, მეგონა, რომ ციფრულ უსაფრთხოებაზე საუბარი ჩვეულებრივად დაიწყებოდა: პაროლებით, ფიშინგით, ორფაქტორიანი დაცვით.
ასეც მოხდა.

მაგრამ არ მეგონა, რომ საუბარი პასუხისმგებლობით დასრულდებოდა.

მე ტრენერი ვიყავი.
სლაიდები მზად მქონდა, მაგალითები - დალაგებული, პასუხები - წინასწარ მოფიქრებული.
თუმცა ძალიან მალე მივხვდი, რომ ეკრანზე დაწერილი ტექსტი მეორეხარისხოვანი იყო.

პირველი რეაქცია თითქმის ყოველთვის ერთნაირია: „ - აუ, ეგ მე დამემართა.“

ამ წინადადებაში არის რაღაც ბავშვური გულწრფელობა.
და ცოტა სირცხვილიც.
მაგრამ ყველაზე მეტად - შვება, რომ მარტო არ ხარ.

ზუგდიდში ერთმა მოსწავლემ თქვა, რომ ბანკის სახელით მისულ შეტყობინებას ენდო.
ხობში სხვამ მითხრა, რომ მუქარას უბრალოდ აიგნორებდა: „რომ სხვა რამეში არ გადამეზარდა“-ო.
ჩოხატაურში მეკითხებოდნენ, მართლა აქვს თუ არა მნიშვნელობა პაროლის სიგრძეს.
ვანში მითხრეს, რომ ყველგან ერთი და იგივე პაროლი აქვს, „რადგან დასამახსოვრებლად იოლია“.

მე ვუხსნიდი ტექნიკურ მექანიზმებს, მაგრამ სინამდვილეში სხვა რამეს ვასწავლიდი, შეჩერებას და დაფიქრებას.

ეკრანთან ცხოვრება ძალიან სწრაფია.
ვკითხულობთ სწრაფად. ვაზიარებთ სწრაფად. ვპასუხობთ სწრაფად.
სწრაფად გვწყინს. სწრაფად გვავიწყდება.

სწორედ ამ სიჩქარეში შთაინთქმება ფიქრი.

„ვიფიქრებ, სანამ დავაჭერ“, - ეს ფრაზა ერთ-ერთმა მოსწავლემ ისე თქვა, თითქოს საკუთარ თავს პირობა მისცა. იმ წამს მივხვდი, რომ ტრენინგი დასრულდა.

პაროლის შეცვლა მარტივია.

შეჩერება კი - რთული.

ხობში ერთმა გოგომ მითხრა:
„ხანდახან ცუდ შეტყობინებებს უბრალოდ ვაიგნორებდი. მეგონა, ასე უკეთესი იყოო.“

იგნორი ზოგჯერ დაცვაა.

მაგრამ ზოგჯერ - მარტო დარჩენა.

ჩოხატაურში ერთმა ბიჭმა მკითხა: - „თუ ვინმეს დავბლოკავ, ხომ არ ვიქნები ცუდი ტიპი?“

მაშინ გავიფიქრე, რამდენად ხშირად ასწავლიან ბავშვებს თავაზიანობას და რამდენად იშვიათად - საზღვრების დაცვას.

საზღვარის გავლება უხეშობა არ არის.
ის არის ის წერტილი, სადაც საკუთარ თავს არ თმობ.

ზუგდიდში ერთმა მოსწავლემ ტრენინგის დროსვე შეცვალა პაროლი და მერე მითხრა:
„ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი ციფრული სახლის გასაღებია.“

ზოგჯერ მეტაფორა უკეთ ხსნის, ვიდრე - ინსტრუქცია, წესი.
ციფრული სახლი - ეს არის სივრცე, სადაც შენს სახელს, ფოტოებს, მიმოწერებს და აზრებს ინახავ.
გასაღები კი ნამდვილად არ უნდა იყოს ყველა პლათფორმაზე ერთი და იგივე და სუსტი.

წყალტუბოში შეხვედრა სხვანაირი იყო.

დევნილ ქალებთან შეხვედრა ყოველთვის ნდობით იწყება.

როცა შენი ცხოვრების გეოგრაფია ერთხელ უკვე შეიცვალა, უსაფრთხოება აბსტრაქტული სიტყვა აღარ არის.

ერთმა მონაწილემ მითხრა:
„როცა შენი ცხოვრების გეოგრაფია იცვლება, ონლაინ სივრცე ხშირად ის ადგილია, სადაც საკუთარი სამყაროს თავიდან აწყობას იწყებ, ყველაფერს ილაგებ და სტაბილურობის განცდას იქმნი.“

იმ შეხვედრაზე მე აღარ ვიყავი მხოლოდ ტრენერი. მე ვიყავი მსმენელი.

ვსაუბრობდით შვილებზე.
პირად ფოტოებზე.
შეურაცხმყოფელ კომენტარებზე.
იმაზე, რომ ციფრული ძალადობა მხოლოდ ეკრანზე არ რჩება, ის პირად, ინტიმურ სივრცეშიც აღწევს.

ერთმა ქალმა ბოლოს მითხრა:
“ახლა ვიცი, რომ მარტო არ ვარ”.

ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება, რაც იმ დღეს მოვისმინე.

რეგიონებში მუშაობისას ხშირად ვფიქრობ, რომ ციფრული უთანასწორობა ინტერნეტის სისწრაფით არ იზომება. ის იზომება იმაში, იცის თუ არა ადამიანმა, რომ შეუძლია თქვას „არა“.

რომ ბმულზე გადასვლა სავალდებულო არ არის.
რომ პასუხი ყოველთვის მყისიერი არ უნდა იყოს.
რომ პაუზა სისუსტე არ არის.

ზუგდიდი.
ხობი.
ჩოხატაური.
წყალტუბო.
ვანი.

ხუთი ადგილი, სადაც მე ტრენერი ვიყავი.
ყოველ ჯერზე, სატრენინგო სივრციდან გამოსვლის შემდეგ, საკუთარ თავს იმავე წინადადებას ვეუბნებოდი - "ვიფიქრებ, სანამ დავაჭერ".

ეს უკვე აღარ არის ტრენინგის სლოგანი.
ეს არის ყოველდღიური არჩევანი - ეკრანთანაც არ დავკარგოთ პასუხისმგებლობა.

ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან სოლიდარობის ფონდი საქართველოში (SFPL) და ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.