ზღვასთან
2/22/2015
ხალხის მზეზე დახამებული სხეულებისგან თავისუფალი სანაპირო, ზღვის მშვიდი სუნთქვა – ყველაზე ღვთიური, ლაღი და წრფელი ემოციებით. რატომ? ზამთარში მას მხოლოდ ზღვაზე ჭეშმარიტად შეყვარებული ადამიანები სტუმრობენ და უკიდეგანოდ საუბრობენ ხოლმე, პირისპირ. ზღვა სხვა ქვეყნის ამბებს ყვება, მან ყველაფერი იცის, პიროვნება კი საკუთარზე ესაუბრება. იშვიათი გაგება აქვთ, ორმხრივი, სრულყოფილი.
ზღვიური ჰაერის პირველივე შესუნთქვისას ცოცხლდები, ვნებითა და სიყვარულით ერთდროულად ივსები და სანაპიროზე ბედნიერების შეგრძნებით ეშვები. მხოლოდ შენ და ის ხართ. სანამ მასთან მიხვიდოდი გზად ხალხის ხმა დაგედევნა: –„ნახე სულელი გოგო, რა უნდა მინუს ტემპერატურაზე ამ ქარსიცივეში რომ მიდის პლიაჟზე? სხვა: – „გაცივდება და ისწავლის ჭკუას“. შენ კი ამაზე გეღიმება და მეტი ენთუზიაზმით, თავდავიწყებით ხვდები მღელვარებაშეპარულ ზღვას. მისი სიმფონიური ხმა ამქვეყნიურობას გწყვეტს და სრულ ნირვანას განიცდი საათების განმავლობაში.
დროის ელვარებისას ძაღლის მოსიყვარულე ენას გრძნობ საკუთარი ხელის თითებში მოსრიალეს. შიშველი მხოლოდ სხეულის ეს ნაწილი გაქვს ცივი ამინდის გამო. ამ სეზონზე ცდილობ, რაც შეიძლება ცუდისითბოგამტარი ტანსაცმელებით დაიფარო სხეული და საკუთარი სითბო დაიცვა, შეინარჩუნო ფიზიკური, მატერიალური, არასასიამოვნო, ცივი გარემოსგან. წამებში რეალობას უბრუნდები. ძაღლი ალერსს უმატებს, შენც თანაგრძნობას იჩენ და ეფერები გულწრფელ ცხოველს. ზღვის ქაფისფერია. ყელზე კი თოკი აქვს გამობმული, რომელიც მასზე მოლოლიავე მოხუცთან თავდება. მისი რეპლიკა ჩემს სმენის აპარატში ხვდება: – „მოგეწონა გოგო?.. წავიდეთ ახლა, გეყოფა“.
– ლაბრადორია, არა? – ვეკითხები მის მზუნველს.
– კი.
– რა ჰქვია?
– სალაო.
მე „მოხუცი და ზღვა“ მახსენდება. უფრო ზუსტად კი ჰემინგუეი წარმომიდგა წერის პროცესში.
სალაო მოხუცმა წაიყვანა და ზღვის უსასრულობაში გაუჩინარდნენ. ისევ მე და ზღვა დავრჩით. ის მასზე მოძრავ ერთ ნავზე მიყვება. ამბობს, რომ დასვენებული და ბედნიერია, რადგან ხალხი არ აწუხებს. მართალია ჩვენთვის ზამთარი ცივი სეზონია, მაგრამ წყალი ყველაზე თბილი ამ პერიოდშია. ამიტომაც იშვიათად ღელავს. გაზაფხულზე გამოდის ხოლმე მწყობრიდან და გრგვინავს, როცა ზაფხულის მოახლოვებას და გადაღლის საშიშროებას გრძნობს. თუმცა, ყველას მიმართ არაა უნდობლად განწყობილი. უყვარს ადამიანები, მაგრამ ბევრი არა… ის ყველაზე კარგი მსმენელი და შემფასებელია….
ფიქრებიდან ძაღლის გულითადი ხმა გაფხიზლებს. ხმის მიმართულებით უშვებ თვალებს და საწიერში მოხუცი ექცევა ძაღლით სანაპიროზე. სალაო ჩემსკენ მოდის და თან მასზე მზრუნავ მოხუცსაც მოირბენინებს… გამიხარდა, რომ ისევ შევხვდი სალაოს. უკვე მე მას რაღაც დოზით ვიცნობ. მოხუცის ხმა: – ჰო, სალაო, ეს ის გოგოა შენ რომ მოგეწონა. მერე მზერას ჩემზე აჩერებს და მოხუცის პათეტიკით მეკითხება:
– სად ცხოვრობ?
– წყალტუბოში.
– ვაჰ, ოტია იოსელიანის იდეოლოგიაზე იქნები აღზრდილი.
მე მეღიმება: – “ოტიას გაზრდილი თითქმის მართლაც ვარ. მეც ის სკოლა დავამთავრე, სადაც ის სწავლობდა, ხშირად ღონისძიებებზე ვხვდებოდით, მაგრამ იდეოლოგიურად ძალიან განვსხვავდებით, თუმცა მის აზრებს პატივს ვცემ”. პოეტური მოხუცი იხსნება და საკუთარ თავს მაცნობს: – “მე ისტორიკოსი ვარ, ფილოლოგი. აი, იმ სკოლაში ვასწავლიდი თითქმის ნახევარი საუკუნე” და ურბანული დასახლებისკენ მიმითითებს. დანახვისთვის 180 გრადუსით მობრუნება მჭირდება. “ძალიან მიყვარს წყალტუბო, პოეზიური ქალაქია,” – მის მოსმენას ვაგრძელებ, – “ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს მასთან…” – ნოსტალგიის მოზღვავება გარეგნულადაც გამოესახა. “მიხარია, რომ გაგიცანი,” – ამ ხმას დისტანციიდან ვგრძობ.. მოხუცი მშორდება და გზას აგრძელებს, თანაც სალაოს მიექაჩება. ის თავის სამყაროში აგრძელებს ყოფას მასვე გამობმულ ძაღლთან ერთად.
სახეზე ზღვის შხეფებს ვგრძნობ…